---
title: "მუხლი 121. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/121"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "121"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 121. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 121 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/121

1. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი ამ კანონით ან/და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოში ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების შესაბამისი სეგმენტის (სეგმენტების) ორგანიზებას ელექტროენერგიით ვაჭრობის, აგრეთვე ელექტროენერგიის სხვა, მეზობელ ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებისა და ინტეგრაციის მიზნით. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით წესრიგდება.

2. ელექტროენერგიის დერივატივების საფონდო ბირჟის შექმნის უფლება აქვთ როგორც ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს, ისე სხვა სუბიექტებს.

3. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს კომისიის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის V თავისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესების შესაბამისად გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.

4. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვით. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის საქმიანობას ზედამხედველობს კომისია.

5. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურებების შესაბამის საფასურებს ადგენს კომისია განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/120-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/122.md
