---
title: "მუხლი 164. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურებების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული უზრუნველყოფა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/164"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "164"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 164. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურებების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული უზრუნველყოფა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 164 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/164

1. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურებები (შემდგომ – მომსახურება) და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინება ეფუძნება ადმინისტრირების ერთიან ინტეგრირებულ და კოორდინირებულ სისტემას (შემდგომ – ადმინისტრირების ერთიანი სისტემა) კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით.

2. კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს ადმინისტრირების ერთიანი სისტემის გავრცელების არეალს (ტერიტორიულ ფარგლებს) და ამ სისტემით მომსახურების გამწევ პირებს. კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მომსახურების გამწევი ერთ-ერთი პირი (შემდგომ – ადმინისტრატორი) ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით ახორციელებს მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირებას.

3. ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრატორსა და მომსახურების გამწევ სხვა პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ მინიმალური ღირებულების პრინციპით და ხელშეკრულება არადისკრიმინაციულ და სამართლიან საფუძველზე გააფორმონ. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

4. ადმინისტრატორი ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევისას ვალდებულია ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა, რაც არ არის ადმინისტრატორის მიერ მომხმარებლის წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა. ამასთანავე, მომსახურების გამწევი პირის მიერ ადმინისტრატორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმდგენს.

5. მომსახურების გამწევი პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების მუდმივი ჰარმონიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/163.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/165.md
