---
title: "მუხლი 24. საჯარო კონსულტაცია და თანამშრომლობა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/24"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "24"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. საჯარო კონსულტაცია და თანამშრომლობა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/24

1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს საჯარო გაცნობის მიზნით კომისია აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ მოსაზრებების წარმოსადგენად. არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს საჯარო განხილვების გამართვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. კომისია საჯარო განხილვებს ასევე მართავს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში, მათ შორის, ლიცენზირებისა და ტარიფის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებამდე.

3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო განხილვის გამართვის წესს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, საჯარო განხილვის პროცედურას, პირობებსა და ინფორმაციის საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნების წესს. კომისია უზრუნველყოფს მიმდინარე საჯარო განხილვისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობას კომისიის ვებგვერდზე, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა.

4. კომისიის დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გარეშე, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ფუნქციების შესრულებისას და მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას ითანამშრომლოს რეგულირებულ საწარმოებთან და კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან, განსაზღვროს კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების წესი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/25.md
