---
title: "მუხლი 54. გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა. წლიური ანგარიში — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/54"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "54"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა. წლიური ანგარიში — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 54 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/54

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია გამოაქვეყნოს მის მიერ შეთავაზებული მომსახურებისა და შესაბამისი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, სისტემით მოსარგებლეებისთვის გადამცემ სისტემასთან ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთად, კომისიის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს წინა კალენდარული წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში კომისიის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში.

3. გადამცემი სისტემის ოპერატორი წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ წარუდგენს სამინისტროს, რომელიც გადამცემი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიშის გათვალისწინებით ამზადებს ქვეყანაში მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე მოსალოდნელი მოთხოვნის შესახებ წლიურ ანგარიშს.

4. კომისია უფლებამოსილია გადამცემი სისტემის ოპერატორის წლიურ ანგარიშზე დაყრდნობით გადამცემი სისტემის ოპერატორს ან/და შესაბამის შემთხვევაში სხვა ენერგეტიკულ საწარმოს მოსთხოვოს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:
ა) გამჭვირვალობა, ობიექტურობა და არადისკრიმინაციულობა;
ბ) გადამცემი სისტემის სათანადოდ ოპერირება და მართვა;
გ) გადამცემ ქსელში დანაკარგების შემცირება;
დ) მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება;
ე) ქსელის საოპერაციო უსაფრთხოების გაუმჯობესება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/55.md
