---
title: "მუხლი 69. ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები და უბალანსობის საფასური — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/69"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "69"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 69. ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები და უბალანსობის საფასური — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 69 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/69

1. ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები უნდა იყოს სამართლიანი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული. ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესები უნდა ასახავდეს სისტემის რეალურ საჭიროებებს, ითვალისწინებდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებულ უმცირესი ღირებულების რესურსებს და გამომდინარეობდეს ბუნებრივი გაზის ბაზრის პრინციპებიდან.

2. უბალანსობის საფასური შესაძლებლობის ფარგლებში ასახავს გაწეულ ხარჯებს და უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის მიღებისა და გაცემის დაბალანსების სათანადო სტიმულებს. უბალანსობის საფასური არ უნდა ახდენდეს ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეებს შორის ჯვარედინ სუბსიდირებას და ბუნებრივი გაზის სისტემით ახალ მოსარგებლეებს არ უნდა უქმნიდეს ბაზარზე შესვლის ბარიერს. უბალანსობის საფასური განისაზღვრება კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეების დაბალანსების სტატუსის შესახებ სრულყოფილ, დროულ და სარწმუნო ინფორმაციას აქვეყნებს ელექტრონულად, რათა სისტემით მოსარგებლემ შეძლოს დროულად მიიღოს ზომები უბალანსობის აღმოსაფხვრელად. გადამცემი სისტემის ოპერატორი სრულად აქვეყნებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეების დაბალანსების სტატუსის შესახებ. დაუშვებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემისთვის საფასურის დადგენა.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ბუნებრივი გაზის დაბალანსებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის საფასურებს.

5. გადამცემი სისტემის ოპერატორი თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების გადამცემი სისტემის ოპერატორებთან, რათა ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ხელშესაწყობად ჰარმონიზებულ იქნეს ბუნებრივი გაზის სისტემების დაბალანსების რეჟიმები და გამარტივდეს უბალანსობის საფასურის სტრუქტურა და დონეები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/70.md
