---
title: "მუხლი 78. გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვება — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/78"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "78"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78. გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვება — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 78 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/78

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს გამანაწილებელ სისტემასთან სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებას. გამანაწილებელ სისტემასთან დაშვების საფასური ეფუძნება კომისიის მიერ შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით გაანგარიშებულ და დადგენილ ტარიფს.

2. დაუშვებელია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გამანაწილებელ სისტემასთან დაშვებასთან დაკავშირებით სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ.

3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, განაწილების მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენებით ან/და გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად.

4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია წარმოების ობიექტების დისპეტჩერიზაციისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს იმ წარმოების ობიექტებს, რომლებიც ენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით აწარმოებენ, ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/77.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/79.md
