---
title: "მუხლი 88. ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობაზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/88"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "88"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 88. ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობაზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 88 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/88

1. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი:
ა) ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ყველა სისტემით მოსარგებლეს სთავაზობს მომსახურებას დისკრიმინაციის გარეშე. სხვადასხვა მომხმარებლისთვის ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება ხორციელდება თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით;
ბ) მომხმარებელს სთავაზობს ბუნებრივი გაზის დაკავშირებული სისტემის გამოყენებასთან თავსებად მომსახურებას და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მესამე პირების დაშვებას;
გ) კომისიის ზედამხედველობით, სისტემით მოსარგებლეთა გონივრული კომერციული საჭიროებების შესაბამისი პერიოდულობით აქვეყნებს აუცილებელ ინფორმაციას, მათ შორის, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების შესახებ;
დ) მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებით სთავაზობს როგორც გარანტირებულ, ისე წყვეტად მომსახურებას. წყვეტადი მომსახურების შემთხვევაში სიმძლავრის ფასი უნდა ასახავდეს მომსახურების შეწყვეტის შესაძლებლობას;
ე) სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს გრძელვადიან და მოკლევადიან მომსახურებას;
ვ) სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს ბუნებრივი გაზის საცავის მოცულობასთან, ჩაჭირხვნაუნარიანობასა და მიწოდებაუნარიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ და კომბინირებულ მომსახურებებს.

2. ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლა არასტანდარტულ თარიღს უკავშირდება ან რომელიც იმაზე ნაკლები ვადით არის დადებული, ვიდრე ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული სტანდარტული წლიური ხელშეკრულება, არ უნდა ადგენდეს დაუსაბუთებლად მაღალ ტარიფს.

3. ხელშეკრულების პირობა, რომელიც ადგენს შეზღუდვას ხელშეკრულების მხარის მიერ მოთხოვნილი ბუნებრივი გაზის საცავის სიმძლავრის მინიმალურ მოცულობასთან დაკავშირებით, უნდა ეფუძნებოდეს ტექნიკურ შეზღუდვას და სისტემით მცირე მოსარგებლეებს უნდა უზრუნველყოფდეს ბუნებრივი გაზის საცავთან დაკავშირებული მომსახურების მიღების უფლებით.

4. აუცილებლობის შემთხვევაში მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეს შესაძლოა გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდეგ. ამგვარი გარანტია უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის გაუმართლებელ ბარიერს.

5. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი წესით უარი თქვას ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე მესამე პირის დაშვებაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/87.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/89.md
