---
title: "მუხლი 16. შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე უფლების რეგისტრაცია — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/16"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "16"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 16. შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე უფლების რეგისტრაცია — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 16 (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/16

1. შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე (მათ შორის, მშენებარე შენობა-ნაგებობაზე) საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სამშენებლო დოკუმენტაციის, ხოლო მშენებლობის დასრულებისას – შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია დასაშვებია აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობა ან მისი ერთეული ლეგალიზებულია ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად მიიჩნევა.

2. (ამოღებულია - 26.03.2024, №993).

3. (ამოღებულია - 26.03.2024, №993).

4. თუ უფლების დამდგენი დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე ცალკეულ უფლების ობიექტს, რეგისტრაცია წარმოებს თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე.

5. ​ ტექნიკური აღრიცხვის არქივში მრავალბინიან უძრავ ნივთზე არსებული ჩანაწერებისა და უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებული ჯამური ფართების შეუსაბამობის შემთხვევაში, უძრავი ნივთის საერთო სარეგისტრაციო ფართობი დგინდება მესაკუთრეების ერთობლივი განცხადების საფუძველზე.

6. თუ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტით გათვალისწინებულ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში მითითებულ ფართობზე მეტი ან ნაკლებია, თანამესაკუთრეთა/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად. თუ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რეგისტრაციისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა არ მოითხოვება.

7. თუ სარეგისტრაციო უძრავი ნივთი წარმოადგენს საერთო შესასვლელის მქონე სხვადასხვა სართულზე მდებარე ერთ სისტემაში გაერთიანებულ ფართს, მასზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს ერთი უფლების ობიექტის რეგისტრაციის წესით.

8. (ამოღებულია - 26.03.2024, №993).

9. (ამოღებულია - 26.03.2024, №993).

10. მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) რეგისტრაციის შედეგად იცვლება ამ შენობა-ნაგებობის ყველა ერთეულის რეგისტრირებული მონაცემებიც.

11. მრავალერთეულიან შენობა-ნაგებობაში მდებარე ლეგალიზებულ უძრავ ნივთზე (მიშენება, დაშენება და სხვა) რეგისტრირდება იმ პირის საკუთრების უფლება, რომელიც აღნიშნულია უძრავი ნივთის ლეგალიზების აქტში და საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის არ მოითხოვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გადაწყვეტილება ლეგალიზებული უძრავი ნივთის დაინტერესებული პირისთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

12. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია, რომ სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლებით დატვირთულია მთელი შენობა-ნაგებობა ან მისი ერთეული, კონკრეტული ფართის მითითების გარეშე და სარეგისტრაციოდ წარდგენილია ამ ნივთთან არსებითად დაკავშირებულ ლეგალიზებულ უძრავ ნივთზე (მიშენება, დაშენება და სხვა) ლეგალიზების აქტი, რეგისტრირებული სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლება ვრცელდება ლეგალიზების შედეგად მიღებულ მთლიან ფართზე. სხვა შემთხვევაში, რეგისტრირებული სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლება ლეგალიზებულ ფართზე არ ვრცელდება.

13. თუ შენობა-ნაგებობა ან მისი ერთეული დატვირთულია სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლებით და მოთხოვნილია ფართის დაზუსტება, რეგისტრირებული სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლება ვრცელდება მთელ დაზუსტებულ ფართზე. თუ შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართის დაზუსტების შედეგად ფართი მცირდება, რეგისტრაცია წარმოებს უძრავ ნივთზე რეგისტრირებული სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლების მქონე პირის თანხმობით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №993 - ვებგვერდი, 26.03.2024 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/17.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
