---
title: "მუხლი 24. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა და მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის რეგისტრაცია — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/24"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "24"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 24. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა და მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის რეგისტრაცია — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 24 (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/24

1. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ახორციელებს სააგენტო.

2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა შეიძლება განხორციელდეს დასაბუთებული საჭიროების არსებობის შემთხვევაში.

2¹. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა დასაშვებია, თუ დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი ამ მიზნით არ გამოიყენება და შესაძლებელია მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება.

3. სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოს უნდა წარედგინოს:
ა) დასაბუთებული განცხადება მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საჭიროების შესახებ;
ბ) თუ მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლა მოთხოვნილია მასზე სამეწარმეო საქმიანობის წარმართვის მიზნით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლითაც დადგინდება მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის დასაშვებობა მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების ან/და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პირობების გათვალისწინებით, ასევე, ბიზნესგეგმა, რომლითაც დადგინდება საქმიანობის ყველა ძირითადი ასპექტი, ნათლად ჩამოყალიბებული მიზნები და ამ მიზნების მიღწევის გზები, ფინანსური გეგმა, ბიზნესგეგმასთან შესაბამისობაში მყოფი ფინანსური რესურსების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა მოთხოვნილია მისი სამშენებლოდ გამოყენების მიზნით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომლითაც დადასტურდება მშენებლობის ნებართვის გაცემისა (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა) და მიწაზე მშენებლობის წარმოებისთვის მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის აუცილებლობა;
დ) თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა მოთხოვნილია მასზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომლითაც დადასტურდება განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მიწაზე მშენებლობის წარმოებისთვის მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის აუცილებლობა;
ე) თუ განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით დადგენილია ფუნქციური ზონის ცვლილება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაცია ასეთის დასაშვებობის თაობაზე;
ვ) (ამოღებულია - 16.11.2022, №874);
ზ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო მიზნით არ გამოიყენება და შესაძლებელია მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ეს წესი ვრცელდება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზეც;
თ) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან დასაბუთებული განცხადება. ამ მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამავე პუნქტის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები;
ი) სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დასაბუთდება მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საჭიროება.

3¹. სააგენტო უფლებამოსილია, სივრცითი დაგეგმარების პირობების გათვალისწინებით, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს ან/და შესაბამის მუნიციპალიტეტს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადების/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განხილვის, მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების დასაბუთებულობის საკითხის წინასწარი შეფასებისა და ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნის შემუშავების მიზნით, სააგენტოს თავმჯდომარე ქმნის სამუშაო ჯგუფს კომისიის სახით (შემდგომ – კომისია), რომელშიც თავად არ მონაწილეობს.

5. სააგენტოს შესაბამისი სამსახური ვალდებულია, კომისიას მიაწოდოს განცხადებასთან/ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ინფორმაცია და მისი ანალიზი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მიერ საკითხის განხილვამდე დამატებით მოსთხოვოს განმცხადებელს მიწის მიზნობრივი დანიშნულების შესაცვლელად სარეგისტრაციო წარმოების აღნიშნული მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელი ინფორმაცია.

6. კომისია განცხადებებს/ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს იხილავს მათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში რეგისტრაციის თარიღის მიხედვით, ქრონოლოგიური პრინციპის დაცვით, და დასკვნას ამტკიცებს 15 დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. კომისია იკრიბება, არანაკლებ, კვირაში ერთხელ და უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომას ხელმძღვანელობს კომისიის ერთ-ერთი წევრი, კონსენსუსის საფუძველზე. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ყველა დამსწრე წევრი. კომისიის მიერ დასკვნა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის წევრთა უმრავლესობა. კომისიის თითოეულ წევრს უფლება აქვს, განსხვავებული აზრი დაურთოს დასკვნას.

8. თუ კომისიის მიერ განცხადების/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განხილვისას აღმოჩნდა, რომ აუცილებელია დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, კომისია შეაჩერებს საკითხის განხილვას, ხოლო სააგენტოს შესაბამისი სამსახური დაუყოვნებლივ მოითხოვს განმცხადებლისაგან მიწის მიზნობრივი დანიშნულების შესაცვლელად სარეგისტრაციო წარმოების ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც კომისიას უნდა წარედგინოს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. ამ შემთხვევაში, კომისია მომდევნო სხდომაზე განაახლებს საკითხის განხილვას და დაამტკიცებს დასკვნას.

9. კომისიის ნებისმიერი დასკვნა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება სააგენტოს თავმჯდომარეს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დასკვნის წარდგენიდან 5 დღის ვადაში.

10. განცხადების/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ, რის საფუძველზეც ტერიტორიული სამსახური უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის რეგისტრაციას. განცხადების/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე უარის შესახებ, რომელიც საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №561 - ვებგვერდი, 30.06.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №669 - ვებგვერდი, 31.12.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 21 ივლისის ბრძანება №847 - ვებგვერდი, 22.07.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №874 - ვებგვერდი, 16.11.2022 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/25.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
