---
title: "მუხლი 26. რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/26"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "26"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 26. რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 26 (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/26

1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს.

2. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა იმ დოკუმენტისა თუ ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი რეგისტრაციისათვის. დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი/ინფორმაცია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული. აკრძალულია სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების რამდენიმეჯერ შეჩერება ან/და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების რამდენიმეჯერ მიღება დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისას გამოვლინდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ახალი საფუძველი. აღნიშნული წესი, ასევე, ვრცელდება ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე.

3. თუ განცხადების განხილვის/ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება შეჩერებულია რაიმე საფუძვლით და დაინტერესებულმა პირმა შეჩერების პერიოდში წარმოადგინა არა გადაწყვეტილებით მოთხოვნილი, არამედ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომლითაც არ აღმოიფხვრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, მაშინ ახალი გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე, განცხადების განხილვის (ადმინისტრაციული წარმოების) ვადის დინება რჩება შეჩერებული. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ წარმოება წყდება და განცხადება რჩება განუხილველი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს დაინტერესებულ პირს იმის შესახებ, რომ მის მიერ წარმოდგენილია არა გადაწყვეტილებით მოთხოვნილი, არამედ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომლითაც არ აღმოიფხვრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი.
თავი IV. მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/27.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
