---
title: "მუხლი 31. სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/31"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "31"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 31. სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 31 (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/31

1. თუ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.

2. სააგენტო კომისიას მიმართავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე).

3. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ინფორმაცია დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ, აგრეთვე, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

4. კომისიის მომართვის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია, 2 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ერთეულის/ორგანოს თანამშრომელი, რომელიც მოცემულ საქმეზე წარმოადგენს სააგენტოს კომისიის სხდომაზე.

5. სააგენტო არ მიმართავს შუამდგომლობით კომისიას, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ან სააგენტოში დაცული/მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით უტყუარად დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება არ ექვემდებარება აღიარებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს უარი კომისიაში შუამდგომლობის გადაგზავნაზე, დაინტერესებულ პირს არ უზღუდავს უფლებას, თავად მიმართოს კომისიას საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

7. თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, დაინტერესებული პირის თანხმობით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს განიხილავს სააგენტო, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №806 - ვებგვერდი, 07.02.2022 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/32.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
