---
title: "მუხლი 37². მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების ზოგადი წესი — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/37-2"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "37^2"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 37². მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების ზოგადი წესი — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 37² (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/37-2

1. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას სააგენტოს მიერ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები შესაძლებელია შესრულდეს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის საჭიროების შემთხვევაში.

2. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების საფუძველია მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ან/და შესაბამის გეოგრაფიულ არეალში არსებული სხვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის მითითების ან სააგენტოში დაცული/სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

3. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილია მხოლოდ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერტიფიცირებული ფიზიკური პირი.

4. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ არსებობს/მოძიებულია საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც არ გამორიცხავს დაინტერესებული პირის უფლებას, თავად მოითხოვოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

5. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყებას უზრუნველყოფს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი. სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირების, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორეზე პასუხისმგებელია განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი.

6. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მონაწილეობით.

7. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში, სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ტექნიკური სპეციფიკაცია მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/37-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/37-3.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
