---
title: "მუხლი 37⁵. სააგენტოს მიერ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/37-5"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "37^5"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 37⁵. სააგენტოს მიერ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 37⁵ (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/37-5

1. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს, არსებობს თუ არა მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ არსებობს, სააგენტო განიხილავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს.

2. თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით, სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და დაინტერესებული პირი მოითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ, რომელიც ტარდება ამ თავით დადგენილი წესით.

3. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება არ დაინიშნება, თუ სააგენტოში დაცული დოკუმენტაციით/ინფორმაციით დგინდება, რომ ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) თვითნებურად დაკავებულის წესით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი აღემატება ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს.

4. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას აღიარებს, თუ მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. სააგენტო უფლებამოსილია საკუთრების უფლება აღიაროს ასევე, თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ მათზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენენ დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. ამ შემთხვევაში, ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) აღიარებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს.

5. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკუთრების უფლების აღიარება ხდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთის მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.

6. მიწის ნაკვეთის ერთობლივად თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთი თვითნებურად დამკავებლის მიერ. ამ შემთხვევაში, სააგენტო იხილავს მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის და სხვა შესაბამისი პირის (პირების) საერთო საკუთრების უფლების აღიარების საკითხს.

7. თუ მიწის ნაკვეთის ნაწილი მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულია, ხოლო ნაწილი – თვითნებურად დაკავებული, სააგენტო უფლებამოსილია ორივე ნაწილზე საკუთრების უფლება აღიაროს ერთობლივად და მიიღოს რეგისტრაციის შესახებ ერთი გადაწყვეტილება.

8. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება დასაშვებია რეგისტრაციით დაინტერესებულ იმ პირზე, რომელიც 2007 წლის 20 სექტემბრისთვის იყო სრულწლოვანი.

9. თუ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთი, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით, მიმართავს სააგენტოს. მიმართვას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.

10. თუ სარეგისტრაციო ობიექტი არ აკმაყოფილებს თვითნებურად დაკავებული მიწისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას.

11. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრები დგინდება დაინტერესებული პირის მითითებით.

12. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ადგილზე დათვალიერების ოქმი, ასევე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირების სახელს, გვარსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მათ ჩვენებას იმის შესახებ, ფლობს თუ არა დაინტერესებული პირი აგეგმილ/აზომილ მიწის ნაკვეთს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

13. საველე სამუშაოების წარმოებისას უფლებამოსილ პირს შეუძლია მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი დაადგინოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტებითაც: სასამართლოს აქტით, ორთოფოტოთი (აეროფოტოგადაღებით), აბონენტად აყვანის დოკუმენტით, კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრით, მუნიციპალიტეტის ცნობით ან/და სხვა დოკუმენტით.

14. თუ საქმეზე წარმოდგენილი ან სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირისაგან დამატებით მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის 2007 წლის 20 სექტემბრამდე არსებობის ფაქტს.

15. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, სისტემური რეგისტრაციისას, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებას ატარებს და ოქმს ადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ინსტრუქციის ამ თავით დადგენილი წესით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/37-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/37-6.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
