---
title: "მუხლი 5. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებისა და დოკუმენტის დამოწმების წესი და პირობები — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/5"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "5"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებისა და დოკუმენტის დამოწმების წესი და პირობები — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 5 (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/5

1. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

2. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე, ელექტრონული და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

3. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი მატერიალური დოკუმენტი.

4. სააგენტო უფლებამოსილია დაამოწმოს თავის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების, ასევე, თავისთან დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტაციის ასლები, თუ დოკუმენტის დედნისა და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს.

5. სააგენტოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის ასლს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იგივეობას.

6. ელექტრონული სახით დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის – www.napr.gov.ge შესაბამისი ბმულების მეშვეობით.

7. სააგენტოს მიერ გამოცემული ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალია. ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი.

8. სააგენტოს მიერ შექმნილი ან/და სააგენტოში დაცული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ არის დამოწმებული ან/და დადასტურებული.

9. სააგენტოს მიერ შექმნილი ან/და სააგენტოში დაცული მატერიალური დოკუმენტის ელექტრონულ ასლს ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით არის დამოწმებული ან/და დადასტურებული.

10. სააგენტოს მიერ მომზადებული ინფორმაციის, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის ან განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების განმცხადებლისთვის გაცნობად ითვლება ამ ინფორმაციის/გადაწყვეტილების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება.

11. სააგენტო ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს მასთან დაცული დოკუმენტაციის ელექტრონული ასლის გაცნობა.

12. განმცხადებლის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დააბრუნოს მასთან დაცული დოკუმენტაციის დედნები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოადგენს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველს (უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს).

13. სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენა შეიძლება გაიმართოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან მის გარეშე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 13 აპრილის ბრძანება №817 - ვებგვერდი, 13.04.2022 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/6.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
