---
title: "მუხლი 6¹. საინფორმაციო ბარათი შენობა - ნაგებობაზე ან მის ერთეულზე — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/6-1"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "6^1"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 6¹. საინფორმაციო ბარათი შენობა - ნაგებობაზე ან მის ერთეულზე — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 6¹ (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/6-1

1. თუ მოთხოვნილია შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და სარეგისტრაციოდ წარდგენილი არ არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტაცია ან შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი, ლეგალიზების აქტი, შენობა-ნაგებობა ან მისი ერთეული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად არ მიიჩნევა, ასეთ შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლება რეგისტრაციას არ ექვემდებარება. თუ განმცხადებელი არის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მას აქვს მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობის თაობაზე გაიცემა საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან და ეს შენობა-ნაგებობა არ აისახება საჯარო რეესტრიდან ამონაწერში და საკადასტრო გეგმაზე.

2. საინფორმაციო ბარათი უნდა ასახავდეს ინფორმაციას მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად არსებული ყველა შენობა-ნაგებობების თაობაზე.

3. მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობის თაობაზე გაცემულ საინფორმაციო ბარათში აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) განცხადების ნომერი, საინფორმაციო ბარათის მომზადების თარიღი, მიწის ნაკვეთის მისამართი, ფართობი, საკადასტრო კოდი, მიზნობრივი დანიშნულება;
ბ) შენობა-ნაგებობ(ებ)ის ნომერი, სართულიანობა, ფუნქციური დანიშნულება, ფართობი, მითითება სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე არსებულ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით;
გ) ჩანაწერი იმის შესახებ, რომ სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე არსებულ შენობა-ნაგებობაზე ან/და მის ნაწილზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული და იგი არ არის სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი;
დ) მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის გრაფიკული მონაცემები (საკოორდინატო ბადე, მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, შენობა-ნაგებობები, მასშტაბი, პირობითი აღნიშვნები).

4. თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ნაწილზე არ არის გაცემული სამშენებლო დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობ(ებ)ის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი, ლეგალიზების აქტი ან შენობა-ნაგებობის ნაწილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად არ მიიჩნევა, საინფორმაციო ბარათის გრაფიკულ მონაცემებში მთლიანი შენობა-ნაგებობა აისახება, როგორც სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე არსებული. საინფორმაციო ბარათში დამატებით მიეთითება როგორც შენობა-ნაგებობის იმ ნაწილის ფართობი, რომელზეც გაცემულია სამშენებლო დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი, ლეგალიზაციის აქტი ან რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად მიიჩნევა, ისე – სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე არსებული ნაწილის ფართობი.

5. შენობა-ნაგებობის ერთეულზე, რომლის ნაწილზეც გაცემული არ არის სამშენებლო დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი, ლეგალიზაციის აქტი ან ეს ნაწილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად არ მიიჩნევა, საინფორმაციო ბარათზე აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) განცხადების ნომერი, საინფორმაციო ბარათის მომზადების თარიღი, უძრავი ნივთის მისამართი, ფართობი, საკადასტრო კოდი, ფუნქციური დანიშნულება, სართული;
ბ) შენობა-ნაგებობის ერთეულის იმ ნაწილის ფართობი, რომელზეც გაცემულია სამშენებლო დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი, ლეგალიზაციის აქტი ან რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად მიიჩნევა და სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე არსებული ნაწილის ფართობი;
გ) ჩანაწერი იმის შესახებ, რომ შენობა-ნაგებობის ერთეულის ნაწილზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული და იგი არ არის სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი.

6. შენობა-ნაგებობის ერთეულზე გაცემულ საინფორმაციო ბარათს დაერთვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზი, შენობა-ნაგებობის ერთეულის იმ ნაწილის მონიშვნით, რომელზეც გაცემული არ არის სამშენებლო დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი ან ლეგალიზაციის აქტი ან რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად არ მიიჩნევა.

7. საინფორმაციო ბარათი მზადდება უძრავ ნივთზე უფლების/ვალდებულების ან მასში ცვლილების რეგისტრაციისას, ასევე, უძრავ ნივთზე ამონაწერის ან/და საკადასტრო გეგმის მომზადებისას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №993 - ვებგვერდი, 26.03.2024 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/7.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
