---
title: "მუხლი 68. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრის წარმოების პრინციპები — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/68"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "68"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 68. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრის წარმოების პრინციპები — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 68 (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/68

1. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად, სააგენტოს მიერ რეგისტრირდება:
ა) გირავნობა;
ბ) ლიზინგი;
გ) საბანკო გარანტია;
დ) მხოლოდ ის ფინანსური გირავნობა, რომლის საგანია საკრედიტო მოთხოვნა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე) „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის აქტივები.

2. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია წარმოებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების ან სხვა დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) უფლების სუბიექტების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო ამ ინსტრუქციის 70-ე მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის მოთხოვნისას – მხოლოდ „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ემიტენტის ან რეფინანსირების ბანკის მოვალის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) უფლების წარმოშობის, მასში ცვლილების ან/და მისი შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის/შეტყობინების რეკვიზიტებს;
გ) უფლების საგნის ზოგადი ან კონკრეტული ნიშნებით აღწერას.

3. სააგენტო პასუხს არ აგებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების ან/და სხვა დოკუმენტის და მასში არსებული მონაცემების ნამდვილობაზე, აგრეთვე განმცხადებლის უფლებამოსილებაზე, მოითხოვოს მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია.

4. თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაცია სავალდებულოა, უფლება წარმოშობილად ითვლება სააგენტოს მიერ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 13 ივნისის ბრძანება №918 - ვებგვერდი, 14.06.2023 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/69.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
