---
title: "მუხლი 5. უფლების აღდგენა — სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/5"
law: "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ"
article: "5"
identifier: "5749-IIს"
adopted: "2020-03-17"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. უფლების აღდგენა — სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/5

1. პირისთვის ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენა ან უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირება დასაშვებია:
ა) პირის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ერთი მესამედის გასვლის შემდეგ;
ბ) პირის მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ;
გ) პირის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ორი მესამედის გასვლის შემდეგ.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ − კომისია) უფლებამოსილია, უფლებაჩამორთმეული პირის პიროვნებისა და ყოფაქცევის გათვალისწინებით, მას ვადამდე აღუდგინოს ჩამორთმეული უფლება ან შეუმციროს უფლების ჩამორთმევის ვადა.

3. უფლებაჩამორთმეული პირის მიერ ამ კანონით მისთვის დაწესებული შეზღუდვების (უფლების ჩამორთმევის) დარღვევა (შეუსრულებლობა) იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

4. უფლებაჩამორთმეულ პირს ამ კანონით მისთვის დაწესებულ შეზღუდვებს (უფლების ჩამორთმევას) გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისას განუმარტავს სასამართლო, ხოლო პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას − აგრეთვე პენიტენციური დაწესებულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/6.md
