---
title: "მუხლი 7. მონიტორინგი — სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/7"
law: "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ"
article: "7"
identifier: "5749-IIს"
adopted: "2020-03-17"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. მონიტორინგი — სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/7

1. საგანმანათლებლო დაწესებულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულება), საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევი დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის დაწესებულება, რომელშიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის/უფლებაჩამორთმეული პირის დასაქმება აკრძალულია, ვალდებულია პირისთვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარმოდგენა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს სპორტის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მუნიციპალიტეტი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მონიტორინგი, ხოლო მისი შეუსრულებლობის (დარღვევის) გამოვლენის შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ინფორმაცია მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული დაწესებულებისგან ან შექმნას ამ დაწესებულებაში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობის მექანიზმები.

3. სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ მისთვის დაწესებული შეზღუდვების/დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით უფლებამოსილია გამოცხადდეს მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საცხოვრებელ ადგილზე/სამუშაო ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში დაიბაროს იგი, გამოითხოვოს მისი საცხოვრებელი ადგილის/სამუშაო ადგილის და ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაცია და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებები.

4. თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის რეალურ საფრთხეზე მიუთითებს, სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პერსონალურ მონაცემებს აცნობებს იმ კონკრეტულ დაწესებულებას/უწყებას, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზედაც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე არსებობს. ეს დაწესებულება/უწყება ვალდებულია მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საფრთხის შემცველი ქმედების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროსთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება. სამინისტრო ამ შეტყობინებაზე რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. უფლებამოსილ დაწესებულებებს/უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და მათი საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება/უწყება ვალდებულია უზრუნველყოს მისთვის მიწოდებული, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების/პირისთვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მიიღოს ზომები მისი უკანონო გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

7. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

8. ამ კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №348 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3834 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №89 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/8.md
