---
title: "მუხლი 1 — საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4830372-sakartvelos-mtel-teritoriaze-sagangebo-mdgomareobis-gamotskhadebastan-/1"
law: "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ"
article: "1"
identifier: "1"
adopted: "2020-03-21"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 1 — საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2023-12-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4830372-sakartvelos-mtel-teritoriaze-sagangebo-mdgomareobis-gamotskhadebastan-/1

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები:

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი:
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოებს მიეცეთ უფლება, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისათვის პირი იძულებით გადაიყვანონ შესაბამის დაწესებულებაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილას.

2. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი:
ა) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის წესები;
(არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი)
ბ) შეჩერდეს საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;
გ) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით, დაარეგულიროს საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი:
შეჩერდეს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული პაემნის უფლების მოქმედება.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი:
საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს
საჯარო სერვისებისა და
ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები
.
(არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი პირველი მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვები „საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს ... ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები“)
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი:
საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

6. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი:
შეიზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.

7. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი:
ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ კერძო სამართლის სუბიექტებს აეკრძალოთ, შეეზღუდოთ ან დაევალოთ ცალკეული საქმიანობის განხორციელება, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესები;
გ) საქართველოს მთავრობამ აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება;
დ) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დაადგინოს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისაგან განსხვავებული წესები და პირობები;
ე) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/5/1502,1503 – ვებგვერდი, 22.12.2023წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4830372-sakartvelos-mtel-teritoriaze-sagangebo-mdgomareobis-gamotskhadebastan-/2.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
