---
title: "მუხლი 9. დამოუკიდებელი ექსპერტი — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/9"
law: "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 4873932"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. დამოუკიდებელი ექსპერტი — შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/9

1. შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირებას და შენობაში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირებას ახორციელებს დამოუკიდებელი ექსპერტი.

2. ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების, აგრეთვე ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

3. ამ კანონის მიზნებისთვის ფიზიკური პირის სერტიფიცირების ვადა და იურიდიული პირის აკრედიტაციის ვადა განისაზღვრება საერთაშორისო სტანდარტის ან/და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. სერტიფიკატის ან აკრედიტაციის ვადის გასვლის შემდეგ პირს უფლება აქვს, გაიაროს ხელახალი სერტიფიცირება ან აკრედიტაცია.

4. დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელსაც სერტიფიკატი ან აკრედიტაცია გაუუქმდა, უფლება აქვს, გაიაროს ხელახალი სერტიფიცირება ან აკრედიტაცია საერთაშორისო სტანდარტის ან/და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

5. სამინისტრო ქმნის, აახლებს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზას.

6. დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად პირს, რომელიც შენობის დაპროექტებისა და მშენებლობის ან/და ფუნქციონირების პროცესში მონაწილეობდა ან მონაწილეობს, არ აქვს უფლება, განახორციელოს ამ შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება და მოამზადოს აღნიშნულ შენობაში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიში. ამ პუნქტის მიზნებისთვის ასეთ პირად მიიჩნევა:
ა) შენობის დამპროექტებელი;
ბ) დეველოპერი, მშენებელი ან/და შენობის ენერგოეფექტურობის უზრუნველსაყოფად დანადგარებისა და ტექნიკური მოწყობილობების მიმწოდებელი;
გ) შენობის მოვლასა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების გამართულობის უზრუნველყოფაში მონაწილე პირი;
დ) შენობაში ენერგოდამზოგავი ღონისძიებების განმახორციელებელი პირი.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/8-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/10.md
