---
title: "მუხლი 6. ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება, კონტროლი და ზედამხედველობა — ენერგოეფექტურობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/6"
law: "ენერგოეფექტურობის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 4873938"
adopted: "2020-05-21"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება, კონტროლი და ზედამხედველობა — ენერგოეფექტურობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგოეფექტურობის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/6

1. სამინისტრო ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ პირებს.

2. სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტის დანერგვას;
ბ) ენერგოეფექტური მოწყობილობებისა და ენერგომომსახურების ხარისხის კონტროლს;
გ) ენერგოაუდიტორებისა და ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირებისთვის ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიცირების წესების დადგენას და ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატის გამცემებისა და ტექნიკური ინსპექტორების სასერტიფიკაციო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას;
დ) ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიისა და ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავებას;
ე) ენერგომომსახურების მიწოდებით ენერგომომხმარებლის მიერ მიღწეული ენერგოდანაზოგის მაჩვენებლის დადასტურებას;
ვ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესის შემუშავებასა და დამტკიცებას;
ზ) ამ კანონის მე-20 მუხლის მიზნებისთვის შესაბამისი რეესტრის შექმნას, განახლებასა და მონიტორინგს;
თ) მაღალეფექტური კოგენერაციისა და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების გამოყენების პოტენციალის დეტალური შეფასებისა და ხარჯეფექტურობის ანალიზის განხორციელებას;
ი) საპილოტე (სადემონსტრაციო) პროექტების განხორციელებასა და წახალისებას/ხელშეწყობას;
კ) სატრენინგო პროგრამებისა და ენერგოსაკონსულტაციო პროგრამების დანერგვას და ცნობიერების ამაღლებას;
ლ) ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობას;
მ) ეკეგ-ის განხორციელებას.

3. სამინისტრო:
ა) სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს:
ა.ა) ეკეგ-ის განხორციელებას;
ა.ბ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ფარგლებში ან/და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს;
ა.გ) პირველი კატეგორიის საწარმოს მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სრული ენერგოაუდიტის განხორციელებას;
ა.დ) სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის სტატუსს;
ა.ე) ენერგოაუდიტის ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას;
ბ) შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის დაკისრების შესახებ;
გ) (ამოღებულია - 28.06.2023, №3302);
დ) ამოწმებს ენერგომომსახურების მიწოდებით ენერგომომხმარებლის მიერ მიღწეული ენერგოდანაზოგის მაჩვენებელს მისი დადასტურების მიზნით;
ე) სისტემატურად უწევს მონიტორინგს პლატფორმაზე განთავსებულ ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს მათი გაზომვისა და დადასტურების მიზნით;
ვ) ყოველწლიურად აანალიზებს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ენერგიის მოხმარებას;
ზ) ადმინისტრაციული ორგანოებისა და ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის ან/და მომხმარებელთა ჯგუფისთვის შეიმუშავებს მითითებებსა და რეკომენდაციებს ენერგოდანაზოგებისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ;
თ) წარადგენს ანგარიშებს ამ კანონის მიზნების შესაბამისად;
ი) ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ) ხელს უწყობს:
კ.ა) ეკეგ-ითა და ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
კ.ბ) ენერგოეფექტურობის დანერგვის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებში პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას;
კ.გ) ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას სამდივნოსთვის წარსადგენად;
ლ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

4. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ადგენს ენერგომომხმარებელი პროდუქტის ენერგოეტიკეტირების წესის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3302 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4873938-energoepekturobis-shesakheb/7.md
