---
title: "მუხლი 19. ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/19"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "19"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 19 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/19

სახელმწიფო ტყის მართვის სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული ტყის ფუნქციური დანიშნულებით დაყოფა „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის“ შესაბამისად;
ბ) ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
დ) ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ორგანიზებაში მონაწილეობა;
ე) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის გეგმის დამტკიცება;
ვ) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების დაფინანსება ან/და მათ დაფინანსებაში მონაწილეობა და გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი;
ზ) ამ კოდექსით დადგენილი წესით მათ სამოქმედო ტერიტორიებზე ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად (გარდა იმ საქმიანობისა, რომელსაც ახორციელებს მხოლოდ ტყის მართვის ორგანო) შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა და ხელშეკრულების დადება;
თ) ტყეში სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ი) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული ტყისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტის ან ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
კ) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს შექმნა;
ლ) „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/20.md
