---
title: "მუხლი 23. კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრის უფლებამოსილება — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/23"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "23"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრის უფლებამოსილება — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 23 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/23

1. კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრე უფლებამოსილია განახორციელოს ტყის მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც არ ეწინააღმდეგება ტყის დაცვისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ან მესამე პირს მიანიჭოს ეს უფლებამოსილება. კერძო მესაკუთრეს ტყის რესურსებით სარგებლობის უფლება შესაძლებელია შეეზღუდოს ამ კოდექსითა და გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული საფუძვლებით და დადგენილ ფარგლებში.

2. კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრე ვალდებულია ამ კოდექსის 26-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით შეიმუშაოს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს ტყის მართვის გეგმის პროექტი.

3. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრომ შეიძლება კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრეს მოსთხოვოს:
ა) თავიდან აიცილოს ისეთი ქმედება, რომელიც ტყეს აზიანებს ან ანადგურებს;
ბ) შეინარჩუნოს ან/და გააუმჯობესოს ტყის სანიტარიული მდგომარეობა;
გ) შეამციროს ან შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ხეტყის დამზადებისას ტყის ნიადაგის ან/და მცენარეული საფრის დაზიანება;
დ) გააუქმოს ტყეში შესვლის შეზღუდვა და მოხსნას ამ შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნები, თუ აღარ არსებობს შეზღუდვის საფუძველი.

4. კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრე ვალდებულია უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აცნობოს  შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.
თავი III
საქართველოს ტყის აღრიცხვა და დაგეგმვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/24.md
