---
title: "მუხლი 4. საქართველოს ტყის მდგრადი მართვის პრინციპები — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/4"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "4"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საქართველოს ტყის მდგრადი მართვის პრინციპები — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/4

1. საქართველოს ტყის მდგრადი მართვა, ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებით, უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) ტყის მართვის პროცესში გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი ბიომრავალფეროვნების, პროდუქტიულობის, თვითაღდგენისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას;
ბ) ტყის მართვის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს ტყის ფუნქციური დანიშნულება, რათა ტყის ერთი ფუნქციით სარგებლის მიღებამ არ გამოიწვიოს ტყის სხვა ფუნქციის დეგრადაცია;
გ) ტყის მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება უნდა ეფუძნებოდეს ტყის მდგრად მართვას. ტყით საერთო სარგებლობის მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტყის ყველასთვის ხელმისაწვდომობა;
დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით ტყის არასატყეო მიზნით გამოყენებისას უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებები, გარდა ამ კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა.

2. ტყის მდგრადი მართვის შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ“ დებულებით განსაზღვრული ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების საფუძველზე, რომლებიც ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს და ევროპის ტყეების დაცვის მინისტრთა კონფერენციის („ევროპის ტყე“) მიერ მიღებულ „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს“. აღნიშნულ დებულებას შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/5.md
