---
title: "მუხლი 44. სახელმწიფო ტყის ფართობით სპეციალური სარგებლობის განხორციელების მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/44"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "44"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. სახელმწიფო ტყის ფართობით სპეციალური სარგებლობის განხორციელების მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 44 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/44

1. ამ კოდექსით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა ელექტრონული აუქციონის საფუძველზე. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დასამზადებლად (გარდა ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობისა), ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ან განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა უფლებამოსილი პირის მიერ პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების საფუძველზე, ხოლო თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე.

2. ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა იმ პირობით, რომ ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მიმღები გადაიხდის სათანადო საფასურს და დაიცავს შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილ სხვა პირობებს.

3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი და პირდაპირი წესით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
თავი VI
სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/45.md
