---
title: "მუხლი 50. სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველი — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/50"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "50"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველი — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 50 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/50

1. ტყის მართვის ორგანო სამეურნეო ჭრით ხეტყეს ამზადებს ტყის მართვის ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კერძო საკუთრების ტყის შემთხვევაში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია ტყის მესაკუთრის ან ტყის მართვის ორგანოს მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესასრულებელი სამუშაო და დასამზადებელი მერქნის მოცულობა.

3. ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირი სამეურნეო ჭრით ხეტყეს ამზადებს ტყის მართვის ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მისი ზედამხედველობით. ამ უფლების მოპოვებით ეს პირი ტყითმოსარგებლე ხდება. აღნიშნული პირი იხდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება.
საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/51.md
