---
title: "მუხლი 9. დაცვითი კატეგორიის ტყე — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/9"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "9"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. დაცვითი კატეგორიის ტყე — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/9

1. დაცვითი ტყე არის ტყე, რომელიც ასრულებს დასახლების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის, კულტურის/ისტორიული ძეგლის, ინფრასტრუქტურისა და მოწყვლადი ტერიტორიის დაცვის ფუნქციას. დაცვითი ტყის ფართობების გამოყოფისას მანძილი ბუნებრივი წყალგამყოფით იზღუდება.

2. დაცვით ტყეს მიეკუთვნება:
ა) სუბალპური ტყე;
ბ) ტყის შემქმნელი სახეობებით დაუფარავ სივრცეებს შორის მდებარე, ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 30 ჰა-მდე ფართობის ტყე;
გ) ზვავის ან ღვარცოფის მუდმივი კალაპოტის გასწვრივ მდებარე, 200 მ-მდე სიგანის ტყე;
დ) 35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობზე მდებარე ტყე;
ე) ფლატის, დამეწყრილი ადგილის, ჩამონაშლის, კარსტული წარმონაქმნის, მთის დედაქანის მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილის ირგვლივ მდებარე, 100 მ-მდე სიგანის ტყე;
ვ) რკინიგზის ან საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე, მისი მიწის ვაკისიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე;
ზ) მდინარის, ტბის ან წყალსაცავის ნაპირიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე;
თ) ქვათაცვენის ან კლდოვანი ტერიტორიის ნაპირიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
ი) ბუნებრივი გამოქვაბულიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
კ) ეროზირებულ ფართობზე და ამ ფართობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
ლ) მცოცავ ნიადაგზე და ამ ნიადაგიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
მ) მეწყერსაშიშ ფერდობზე და ამ ფერდობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
ნ) წყლის სათავე ნაგებობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
ო) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა, კულტურის/ისტორიული ძეგლიდან 250 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/10.md
