---
title: "მუხლი 92. ტყითსარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიისა და იჯარის, მიჩენის მიზნით ტყითსარგებლობის განხორციელებისა და სხვა საკითხების მოწესრიგება გარდამავალ პერიოდში — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/92"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "92"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92. ტყითსარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიისა და იჯარის, მიჩენის მიზნით ტყითსარგებლობის განხორციელებისა და სხვა საკითხების მოწესრიგება გარდამავალ პერიოდში — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 92 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/92

1. ამ კოდექსის ამოქმედებამდე ტყითსარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზია და იჯარა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი მოქმედების ვადის განმავლობაში.

2. ამ კოდექსის ამოქმედებამდე ტყითსარგებლობის სფეროში მიჩენის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად დადებული ხელშეკრულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი მოქმედების ვადის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააგრძელოს ეს ვადა. ამ შემთხვევაში მიჩენის ჯამური ვადა 49 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

3. ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემული ტყითსარგებლობის უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი მოქმედების ვადის განმავლობაში.

4. ელექტროსადგურების, მილსადენების, ელექტრული ქსელების ინფრასტრუქტურის უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით მათი  დაცვის ზონებში მოხვედრილ ფართობებზე განაკაფის ზოლის დასაცავად ხე-მცენარეების მოჭრა, აგრეთვე მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო/აუცილებელი სამუშაოები კომპენსირების გარეშე ხორციელდება.

5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ დამტკიცებული ტყის მართვის გეგმები ინარჩუნებს ძალას მათი სარევიზიო პერიოდის ამოწურვამდე. ამასთანავე, 2021 წლის 1 იანვრამდე ჩატარებული/დაგეგმილი ტყეთმოწყობის სამუშაოების საფუძველზე შემუშავებული ტყის მართვის გეგმები დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით. ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი ტყის მართვის გეგმების ამ კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საკითხი განისაზღვროს „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესით“.

6. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები, რომლებიც დაკავშირებულია ტყის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ერთწლოვანი კულტურების) მოყვანასთან, გაგრძელდეს ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი წესით.

7. ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

8. ამ კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა 2026 წლის 1 იანვრამდე  გულისხმობს აგრეთვე 2021 წლის 1 იანვრამდე ტყეში არსებული ბაღებით (მათ შორის, კაკლოვანი კულტურების ბაღებით), ვენახებითა და ჩაის პლანტაციებით სარგებლობას.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/91.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/93.md
