---
title: "მუხლი 10. სააგენტოს ფინანსები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4893222-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-tsipruli-mmartvelobis-saagentos-shesa/10"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 4893222"
adopted: "2020-06-12"
consolidated_as_of: "2025-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. სააგენტოს ფინანსები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4893222-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-tsipruli-mmartvelobis-saagentos-shesa/10

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასური;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შემდეგი პირობების დაცვით:
ა) სააგენტოს მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა ავტორიზაციის მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს;
ბ) ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციის მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს;
გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელთა ავტორიზაციის მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.

3. სააგენტოს მიერ იმ სხვა მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესი, რომელიც თავისი შინაარსით სააგენტოს მიერ შესასრულებელ ექსკლუზიურ მომსახურებას არ განეკუთვნება, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსები ხმარდება სააგენტოს საქმიანობის მიზნების მიღწევას და ფუნქციების შესრულებას. აღნიშნული ფინანსები საჭიროების შემთხვევაში შეიძლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხმარდეს აგრეთვე სამინისტროს სისტემის, მათ შორის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულებების, განვითარებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4893222-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-tsipruli-mmartvelobis-saagentos-shesa/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4893222-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-tsipruli-mmartvelobis-saagentos-shesa/11.md
