---
title: "მუხლი 4. ტერმინთა განმარტება — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4893222-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-tsipruli-mmartvelobis-saagentos-shesa/4"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 4893222"
adopted: "2020-06-12"
consolidated_as_of: "2025-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ტერმინთა განმარტება — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4893222-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-tsipruli-mmartvelobis-saagentos-shesa/4

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ციფრული მმართველობა – საჯარო მმართველობის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელება;
ბ) ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი (My.gov.ge) − ვებრესურსი, რომელზედაც განთავსებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განკუთვნილი, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში არსებული ელექტრონული სერვისები;
გ) გაციფრულება − საქმისწარმოების პროცესის ან/და მომსახურების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნა და განვითარება;
დ) მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემა (ინფრასტრუქტურა) − ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტული ინტერფეისის გამოყენებით ინფორმაციულ სისტემებს შორის მონაცემთა გაცვლას, ამ სისტემების სანქციონირებულ ხელმისაწვდომობას, დაცულობასა და ურთიერთთავსებადობას;
ე) ღია მონაცემი − საჯარო ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ერთიანი პორტალის მეშვეობით, მანქანაკითხვად ფორმატში;
ვ) ურთიერთთავსებადობა − წინასწარ განსაზღვრული, საერთო და ურთიერთსასარგებლო მიზნის მისაღწევად საჯარო დაწესებულებებს შორის, აგრეთვე საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებს შორის კავშირისა და კომუნიკაციის უნარი/შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს მათ შორის ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და ბიზნესპროცესების მხარდაჭერით;
ზ) სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ინდექსი − საჯარო სექტორში არსებული ელექტრონული სერვისების დადგენილი მეთოდოლოგიითა და კრიტერიუმებით შეფასების სისტემა;
თ) საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემა − ცენტრალიზებული, ინტეგრირებული, ავტომატიზებული ინფორმაციული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებას და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს შორის, აგრეთვე ამ სუბიექტებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ოპერატიულად და უსაფრთხოდ გაცვლას;
ი) ინფორმაციული სისტემა − სისტემა, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის შეგროვებისთვის, შენახვისთვის, დამუშავებისა და განაწილებისთვის.
თავი II
სააგენტოს საქმიანობის მიზნები, მისი უფლებამოსილებები,
მართვა და სტრუქტურა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4893222-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-tsipruli-mmartvelobis-saagentos-shesa/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4893222-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-tsipruli-mmartvelobis-saagentos-shesa/5.md
