---
title: "მუხლი 9. აკვაკულტურის ნებართვის სანებართვო პირობები — აკვაკულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/9"
law: "აკვაკულტურის შესახებ"
article: "9"
identifier: "6408-IIს"
adopted: "2020-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. აკვაკულტურის ნებართვის სანებართვო პირობები — აკვაკულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აკვაკულტურის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/9

1. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) დაიცვას აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრული პროდუქციის წარმადობის ზღვრული მოცულობები;
ბ) უზრუნველყოს აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გაღწევის თავიდან ასაცილებლად ღონისძიებების განხორციელება;
გ) განახორციელოს ღონისძიებები თევზის დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
დ) მოაშენოს აკვაკულტურის ობიექტის ის სახეობა, რომელიც განსაზღვრულია აკვაკულტურის ნებართვით, და დაიცვას მისი ჩასმის სიმჭიდროვის მიმართ მოთხოვნები;
ე) უზრუნველყოს წყლის ხარისხის სისტემატური მონიტორინგი და მოხმარებული წყლის ზედაპირული წყლის ობიექტში ჩადინებამდე გაწმენდა;
ვ) დაიცვას ჰიგიენური და სანიტარიული მოთხოვნები;
ზ) აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის ან აკვაკულტურის ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ უზრუნველყოს გაშვებული წყლის ორგანიზმისა და წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/სხვა მოწყობილობის წყლის ობიექტიდან ამოღება და აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა;
თ) უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირთა აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილზე დაშვება;
ი) უზრუნველყოს თევზის დაავადების ან/და დაღუპვის, აკვაკულტურის ობიექტის გარემოში გაღწევის (გაქცევის) შემთხვევის შესახებ უფლებამოსილი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება; აანაზღაუროს აკვაკულტურის ობიექტის გაქცევით გარემოსთვის მიყენებული ზიანი;
კ) აწარმოოს და შეინახოს აკვაკულტურის საქმიანობის არეალში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებისა და სამკურნალო საშუალებების, წყლის ცხოველური ორგანიზმების მიღებისა და გადატანის შესახებ ჩანაწერები;
ლ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოს წარუდგინოს აკვაკულტურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში და მის მიერ მოთხოვნილი, ამ ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი მონაცემები და ჩანაწერები;
მ) აკვაკულტურის კონსტრუქცია უზრუნველყოს მტაცებლისგან დამცავი ბადით, აგრეთვე უზრუნველყოს საზღვაო წყლებში ან წყალსატევში არსებულ აკვაკულტურის საქმიანობის არეალში შუქურების განთავსება და მონიშვნების მოწყობა;
ნ) შეასრულოს აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები;
ო) შეასრულოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია 50 მ
3
-მდე მოცულობის აკვაკულტურის კონსტრუქციით აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად დაადგინოს აკვაკულტურის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესი და შესაბამისი ვალდებულებები ან ამ  აკვაკულტურის კონსტრუქციით აკვაკულტურის საქმიანობის განმახორციელებელი პირი გაათავისუფლოს ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/10.md
