---
title: "მუხლი 19. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების ვადა და მისი გადახედვა — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/19"
law: "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 4923585"
adopted: "2020-07-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების ვადა და მისი გადახედვა — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/19

1. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება ხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ოდენობითა და ვადით, რომლებიც აუცილებელია შესწავლის ობიექტის მიერ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

2. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება ხდება არაუმეტეს 5 წლით. ეს ვადა აითვლება ამ ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების დღიდან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 წლით იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო განმეორებითი შესწავლის საფუძველზე დაადგენს, რომ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების შეწყვეტა ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს მიაყენებს. ასეთ შემთხვევაში სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი შეიძლება ძალაში დარჩეს განმეორებითი შესწავლის დასრულებამდე.

4. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 90 დღით ადრე შესწავლის ორგანო ამის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას აქვეყნებს.

5. ადგილობრივ ინდუსტრიას შეუძლია ოფიციალური შეტყობინების გამოქვეყნებიდან 45 დღის ვადაში შესწავლის ორგანოს მიმართოს წერილობითი განცხადებით განმეორებითი შესწავლის დაწყების თაობაზე.

6. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე.

7. განმეორებითი შესწავლის პერიოდი 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

8. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი  შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების საფუძველი არ არსებობს, განმეორებითი შესწავლის პერიოდში ამოღებული, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის სახით გადახდილი თანხა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უბრუნდება გადამხდელს.
თავი III. შესწავლის განხორციელება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/20.md
