---
title: "მუხლი 14. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/14"
law: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
article: "14"
identifier: "6823-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/14

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვებთან თანასწორ და სრულყოფილ მონაწილეობას უშუალოდ ან თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე შერჩეული წარმომადგენლის მეშვეობით, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ხმა მისცენ და არჩეულ იქნენ სხვებთან თანასწორად.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უფლება აქვს ხელი მიუწვდებოდეს საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის საჭირო საჯარო ინფორმაციაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საარჩევნო უფლების დაუბრკოლებლად რეალიზებისთვის საჭირო პირობების შექმნის საკითხი წესრიგდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით.

3. სახელმწიფო აღიარებს ქართულ ჟესტურ ენას. ქართული ჟესტური ენა არის საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალება, რომელიც მთლიანად მხედველობას ეყრდნობა. სახელმწიფო ცნობს ქართულ ჟესტურ ენას ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებად, ასევე ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისათვის განათლების მიღების ერთ-ერთ საშუალებად და უზრუნველყოფს მისი გამოყენებისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნას.

4. სახელმწიფო ხელს უწყობს ისეთი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების საქმიანობას, რომელთა ძირითადი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება და დაცვა, აგრეთვე რომელთა მმართველობის პროცესში ჩართულ პირთა უმრავლესობას წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან/და მათი კანონიერი წარმომადგენლები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/15.md
