---
title: "მუხლი 17. ცნობიერების ამაღლება — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/17"
law: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
article: "17"
identifier: "6823-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ცნობიერების ამაღლება — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/17

1. სახელმწიფო, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, უზრუნველყოფს:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი წვლილის პოპულარიზაციას;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ მათი ოჯახებისა და საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
გ) გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის გამომწვევი სტერეოტიპების რღვევას;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე ორიენტირებული ადეკვატური, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების/მექანიზმების ასახვას საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალებში, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულო იქნება ყველა დაწესებულებისთვის, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

2. სახელმწიფო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობითაც ახორციელებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/18.md
