---
title: "მუხლი 24. აღმასრულებელი ხელისუფლება — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/24"
law: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"
article: "24"
identifier: "6823-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. აღმასრულებელი ხელისუფლება — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/24

1. საქართველოს მთავრობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და ამ კანონის იმპლემენტაციის ხელშემწყობი ერთიანი სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას და მისი შესრულების ზედამხედველობას;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისთვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას, რომლის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სამინისტროების, სხვა შესაბამისი უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომ − საქსტატი) ხელმძღვანელი პირები, ასევე, მოწვეული წევრის სტატუსით, საქართველოს საკანონმდებლო, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2. უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

3. უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შემადგენლობაში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან ან/და მათი პირობების გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923984-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uplebebis-shesakheb/25.md
