---
title: "მუხლი 21. სამუშაოს მაძიებლის შესახებ მონაცემების დამუშავება — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/21"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "21"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. სამუშაოს მაძიებლის შესახებ მონაცემების დამუშავება — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/21

1. ამ კანონით გათვალისწინებული სამუშაოს მაძიებლის შესახებ მონაცემები მისი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ინახება შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში.

2. პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციისას აუცილებელია, მან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცხადოს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების ამ კანონის მიზნებისთვის დამუშავებაზე.

3. სააგენტო ვალდებულია მის ხელთ არსებული შრომის ბაზრისა და დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების შედეგების თაობაზე ინფორმაცია (სტატისტიკური მონაცემები) წინასწარ, შეთანხმებული შინაარსითა და ფორმატით წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

4. სააგენტოს მიერ წარმოებული მონაცემთა რეესტრი მოიცავს:
ა) სამუშაოს მაძიებლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მისი რეგისტრაციის თარიღს და დასაქმების ვადას;
ბ) ინფორმაციას სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით განხორციელებული დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ;
გ) ინფორმაციას დამსაქმებლისა და მის მიერ სამუშაოს მაძიებლისთვის შეთავაზებული ვაკანსიის თაობაზე, აგრეთვე ინფორმაციას ამ ვაკანსიისთვის მოთხოვნილი პროფესიის, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესახებ;
დ) ინფორმაციას შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებელთა სტრუქტურის თაობაზე;
ე) ინფორმაციას სამუშაოს მაძიებლის მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის შესახებ;
ვ) სხვა ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ კანონის მიზნების მისაღწევად.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამუშავებს სააგენტოს მიერ მიწოდებულ შრომის ბაზრისა და დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების შედეგების თაობაზე ინფორმაციას, მას შრომის ბაზრის ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში წარუდგენს საქართველოს მთავრობას და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის საჯაროობას.

6. სააგენტო უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებლის შესახებ მონაცემების დამუშავების პროცესის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/22.md
