---
title: "მუხლი 3. კანონის მიზნები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/3"
law: "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ"
article: "3"
identifier: "6819-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. კანონის მიზნები — დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/3

1. ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვდომობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დებულებების განხორციელება:
ა) სამუშაოს მაძიებელს ხელს შეუწყობს ისეთი სამუშაო ადგილის პოვნაში, რომელიც უზრუნველყოფს მის ღირსეულ ცხოვრებას, ასევე ხელს შეუწყობს კვალიფიკაციის შესაბამისად, სასურველი პირობებითა და ღირსეული შრომის ანაზღაურებით დასაქმებაში;
ბ) ხელს შეუწყობს სამუშაოს მაძიებლისთვის მისი ინდივიდუალური უნარებისთვის, ცოდნისა და კომპეტენციისთვის მორგებული სამუშაო ადგილების შეთავაზებას;
გ) ხელს შეუწყობს უმუშევრის უმუშევრობაზე მენტალური დამოკიდებულების შემცირებას და აამაღლებს მისი დასაქმების მოტივაციას;
დ) სუბსიდირებით, კვალიფიკაციის ამაღლებით, ხარისხიანი განათლებითა და სხვა ღონისძიებებით ხელს შეუწყობს სახელმწიფოში უმუშევრობის დონის შემცირებას და სოციალური კეთილდღეობის გაზრდას.

3. ამ კანონის მიზანია აგრეთვე დასაქმების ხელშეწყობის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) დასაქმების მიზნით შრომის ბაზარზე საშუამავლო საქმიანობის განხორციელებას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის მისაღწევად;
ბ) დამსაქმებლისთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე სამუშაოს მაძიებლის მოძიებას;
გ) სამუშაოს მაძიებლის სტიმულირებას დასაქმებისთვის (სამუშაოს მიღებისთვის ან თვითდასაქმებისთვის);
დ) საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებისთვის მორგებული სამუშაო ძალის გაზრდას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924109-dasakmebis-khelshewqobis-shesakheb/4.md
