---
title: "მუხლი 13. UCITS-ის და გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის პირობები — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/13"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "13"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. UCITS-ის და გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის პირობები — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/13

1. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მიზნით ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილებას;
ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტს;
გ) პროსპექტს;
დ) ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციას;
ე) სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას;
ვ) ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. საინვესტიციო კომპანიის ავტორიზაციის მიზნით განმცხადებელი კომპანია ან განმცხადებლის მიერ დანიშნული ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:
ა) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოებაა;
ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კომპანიის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილებას;
გ) სადამფუძნებლო დოკუმენტს (საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებას) მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;
დ) პროსპექტს;
ე) ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციას;
ვ) სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას;
ზ) (ამოღებულია - 15.12.2023 , №3928);
თ) ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირებთან დადებული დელეგირების შესახებ შეთანხმებების (მათი არსებობის შემთხვევაში) თაობაზე ინფორმაციას;
ი) კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რომლებიც ადასტურებს მათ საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას;
კ) დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ განმცხადებელ კომპანიას აქვს საკუთარი კაპიტალი სულ მცირე 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულზე მეტი საკუთარი კაპიტალის ოდენობის განსაზღვრის წესი, საინვესტიციო კომპანიის აქტივების საერთო მოცულობის პროპორციულად;
ლ) კომპანიის საქმიანობის პროგრამას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებაც, თუ როგორ აპირებს კომპანია ამ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას;
მ) ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ კომპანიას რეგისტრაციისა და მართვის ადგილი აქვს საქართველოში;
ნ) კომპანიის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას ან ნახევარი წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ავტორიზაციის შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული. თუ ავტორიზაციის მაძიებელი საზედამხედველო ორგანოს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი წარადგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს;
ო) ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

3. განმცხადებელი კომპანია საზედამხედველო ორგანოს არ წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, თუ მას დანიშნული ჰყავს ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია. ამ შემთხვევაში ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, წარუდგენს განმცხადებელ კომპანიასთან დადებულ აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულებას.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №897 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/12-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/14.md
