---
title: "მუხლი 33. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/33"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "33"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/33

1. ავტორიზებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან უზრუნველყონ სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნა ამ კანონის შესაბამისად.

2. სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა დაინიშნოს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. ეს ხელშეკრულება აგრეთვე უნდა არეგულირებდეს იმ ინფორმაციის მიწოდების საკითხებს, რომელიც აუცილებელია სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების ამ კანონის შესაბამისად შესასრულებლად.

3. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული სხვა იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს, განახორციელოს ფინანსური ინსტრუმენტების შენახვის მომსახურება. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის დამატებით მოთხოვნებს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო. ეს დამატებითი მოთხოვნები შეიძლება შეეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის საკუთარ კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომლის რეგულირებას ამ კანონის აღსასრულებლად საჭიროდ მიიჩნევს საზედამხედველო ორგანო.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირების გარდა, ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ბანკი.

5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ის მინიმალური ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს აქტივების მმართველ კომპანიას/საინვესტიციო კომპანიასა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის დადებულ ხელშეკრულებაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/34.md
