---
title: "მუხლი 35. გულისხმიერების ვალდებულება და ინტერესთა კონფლიქტი — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/35"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "35"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. გულისხმიერების ვალდებულება და ინტერესთა კონფლიქტი — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/35

1. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია იმოქმედოს კეთილსინდისიერად, სამართლიანად, პროფესიონალურად, დამოუკიდებლად და მხოლოდ საინვესტიციო ფონდისა და მისი ერთეულის მფლობელების ინტერესების სასარგებლოდ.

2. დაუშვებელია საინვესტიციო ფონდთან მიმართებით ერთმა და იმავე პირმა იმოქმედოს, როგორც აქტივების მმართველმა კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა. დაუშვებელია ერთმა და იმავე პირმა იმოქმედოს, როგორც საინვესტიციო კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა.

3. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება საინვესტიციო კომპანიასთან ან საინვესტიციო ფონდის სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელმაც შესაძლებელია წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და, მეორე მხრივ, საინვესტიციო ფონდს, მის ერთეულის მფლობელებს ან აქტივების მმართველ კომპანიას შორის. აღნიშნული არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სპეციალიზებულ დეპოზიტარს საკუთარი დეპოზიტარული ფუნქციები ფუნქციურად და იერარქიულად განცალკევებული აქვს სხვა, პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი საქმიანობისგან და იგი სათანადოდ მართავს და აკონტროლებს პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს და ამგვარი პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი გამჟღავნებულია ერთეულის მფლობელებისთვის.

4. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალიზებული დეპოზიტარი ამ მუხლით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/36.md
