---
title: "მუხლი 59. ინვესტორი ფონდის მიერ ერთეულის მფლობელებისთვის ინფორმაციის მიწოდება — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/59"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "59"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. ინვესტორი ფონდის მიერ ერთეულის მფლობელებისთვის ინფორმაციის მიწოდება — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 59 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/59

1. ინვესტორი ფონდი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად (მათ შორის, როგორც სხვა ინვესტიციის მიმღები ფონდის ინვესტორი ფონდი) და სურს ინვესტიციის მიმღებ ფონდში ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით ინვესტიციის განხორციელება, ვალდებულია თავის ერთეულის მფლობელებს მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:
ა) განცხადება, რომლის მიხედვითაც საზედამხედველო ორგანომ გასცა თანხმობა ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებაზე;
ბ) ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციის მიმღები ფონდის ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია;
გ) თარიღი, როდესაც ინვესტორი ფონდი ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, ან, თუ მან უკვე განახორციელა ინვესტიცია, თარიღი, როდესაც ინვესტიციის ოდენობა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ლიმიტს გადააჭარბებს;
დ) განცხადება, რომლის მიხედვითაც ერთეულის მფლობელებს აქვთ უფლება, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა საკომისიოს გადახდის გარეშე (ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯების გარდა).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ერთეულის მფლობელებს უნდა მიეწოდოთ იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ თარიღამდე სულ მცირე 30 დღით ადრე. ამ ვადის გასვლამდე ინვესტორ ფონდს არა აქვს უფლება, ინვესტიციის მიმღები ფონდის ერთეულებში განახორციელოს ინვესტიცია ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/60.md
