---
title: "მუხლი 79. საზედამხედველო ორგანოს მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/79"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "79"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79. საზედამხედველო ორგანოს მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 79 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/79

1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიაში, აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის ფილიალში ან ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიაში დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი, თუ არ სრულდება საზედამხედველო ორგანოს მითითებები, მნიშვნელოვნად ირღვევა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ან/და პირი დროებით ვერ ასრულებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. დროებითმა ადმინისტრატორმა თავისი უფლებამოსილებები შესაძლებელია განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის/საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრებთან ერთად ან შეიძლება ჩაანაცვლოს ისინი.

2. დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებებს მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას განსაზღვრავს საზედამხედველო ორგანო. აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები შესაძლებელია მოიცავდეს მმართველი ორგანოს ზოგიერთ ან ყველა უფლებამოსილებას.

3. საზედამხედველო ორგანოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საფუძვლით თანამდებობიდან გადააყენოს დროებითი ადმინისტრატორი, აგრეთვე შეცვალოს მისი დანიშვნის პირობები. დროებითი ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინაშე.

4. დროებით ადმინისტრატორს უფლებამოსილება უწყდება:
ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე;
ბ) საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
გ) აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის/აღიარების ან საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/78.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/80.md
