---
title: "მუხლი 80. საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/80"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "80"
identifier: "6805-რს"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 80. საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 80 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/80

საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება გააუქმოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოების არსებობისას:
ა) ამოიწურა საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ვადა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად;
ბ) საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს წარუდგინა თხოვნა საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმების შესახებ;
გ) საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება მოიპოვა საზედამხედველო ორგანოსთვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელების საფუძველზე;
დ) საინვესტიციო ფონდი აღარ აკმაყოფილებს ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების პირობებს;
ე) საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონის, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებისა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის ან მითითებით დადგენილი მოთხოვნა (მოთხოვნები);
ვ) ავტორიზაციის მიღებიდან, რეგისტრაციიდან ან აღიარებიდან 12 თვის განმავლობაში საინვესტიციო ფონდი არ ახორციელებს საქმიანობას ან მან საქმიანობა შეწყვიტა 6 თვეზე მეტი ვადით;
ზ) აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ დანიშნული არ იქნა სათანადო შემცვლელი ამ კანონის შესაბამისად;
თ) საინვესტიციო ფონდი გადახდისუუნარო გახდა;
ი) სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;
კ) უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/79.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4924135-sainvestitsio-pondebis-shesakheb/81.md
