---
title: "მუხლი 3. თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები — თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4952272-trusos-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3"
law: "თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 4952272"
adopted: "2020-09-16"
consolidated_as_of: "2020-09-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები — თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2020-09-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4952272-trusos-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3

1. თრუსოს დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად.

2. თრუსოს დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

3. თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია:
ა) უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა;
ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის − შენარჩუნება;
გ) ბუნებრივი ლანდშაფტისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ესთეტიკურ ღირებულებებსა და ტურისტულ რესურსებზე რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის (მოწყობის) ხელშეწყობა;
დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება;
ე) ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დაბალანსება ბუნებრივი გარემოს აქტიური დაცვითა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებით.

4. ამ კანონით გათვალისწინებული თრუსოს დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4952272-trusos-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4952272-trusos-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/4.md
