---
title: "მუხლი 6. თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები — თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4952272-trusos-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/6"
law: "თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 4952272"
adopted: "2020-09-16"
consolidated_as_of: "2020-09-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები — თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2020-09-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4952272-trusos-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/6

1. თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. თრუსოს დაცულ ლანდშაფტს მართავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.

3. თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს წარმომადგენლობითი ორგანო (საბჭო), რომელსაც ქმნის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) წესდებით, რომელსაც ამტკიცებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე.

6. სახელმწიფოს მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია:
ა) თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება;
გ) თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევის ჩატარების ორგანიზება, დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;
დ) თრუსოს დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება;
ე) თრუსოს დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება;
ვ) თრუსოს დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების (ბილიკების, ზღუდეების, თავშესაფრებისა და გზამკვლევების მოწყობის და სხვა) ორგანიზება;
ზ) თრუსოს დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა;
თ) სამთავრობო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა;
კ) თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა;
ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 4
4
ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4952272-trusos-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4952272-trusos-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/7.md
