---
title: "მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4952283-aragvis-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2"
law: "არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 4952283"
adopted: "2020-09-16"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4952283-aragvis-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2

1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნა;
ბ) მოაწესრიგოს არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (სამართლებრივი მექანიზმი);
გ) შექმნას არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის სისტემა;
დ) მოაწესრიგოს არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის მექანიზმები.

2. ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრებში:
ა) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების − გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის − მდინარეთა ხეობების ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას;
ბ) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა;
გ) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება;
დ) ხელი შეუწყოს რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4952283-aragvis-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4952283-aragvis-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3.md
