---
title: "მუხლი 3. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები — არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4952283-aragvis-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3"
law: "არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 4952283"
adopted: "2020-09-16"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები — არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4952283-aragvis-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3

1. არაგვის დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების − გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის − მდინარეთა ხეობების ტერიტორიების ბიოლოგიური, ლანდშაფტური და კულტურული მრავალფეროვნებისა და დიდი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებების შენარჩუნების მიზნით ამ ტერიტორიებს ენიჭება დაცული ლანდშაფტის სტატუსი და ეწოდება არაგვის დაცული ლანდშაფტი.

3. არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი  ორგანიზება (ზონირება) ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

4. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია:
ა) უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა;
ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის − შენარჩუნება;
გ) ბუნებრივი ლანდშაფტისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ესთეტიკურ ღირებულებებსა და ტურისტულ რესურსებზე რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის (მოწყობის) ხელშეწყობა;
დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება;
ე) ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დაბალანსება ბუნებრივი გარემოს აქტიური დაცვითა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებით.

5. ამ კანონით გათვალისწინებული არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4952283-aragvis-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4952283-aragvis-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/4.md
