---
title: "მუხლი 10. საჯარო შეთავაზება — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/10"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "10"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 10. საჯარო შეთავაზება — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/10

1. საჯარო შეთავაზების გამოქვეყნებით თავისუფალი მიმწოდებელი მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების თანაბარ პირობებს. საჯარო შეთავაზება შეიძლება განსხვავდებოდეს მომხმარებლის კატეგორიის, აგრეთვე, მომსახურების ხანგრძლივობის, ფასის, შესასყიდი ელექტროენერგიის მაქსიმალური მოცულობის ან/და სხვა კრიტერიუმის შესაბამისად. მიმწოდებლის მოქმედი საჯარო შეთავაზებების რაოდენობა, მომხმარებელთა თითოეული კატეგორიის მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს სამს.

2. იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი მიმწოდებელი დებს მიწოდების ხელშეკრულებას მოქმედი საჯარო შეთავაზებებისაგან განსხვავებული პირობებით, იგი ვალდებულია, გამოაქვეყნოს საჯარო შეთავაზება ანალოგიური პირობებით მიწოდების ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს  მეორე დღისა.

3. საჯარო შეთავაზების განხორციელების მიზნით, თავისუფალი მიმწოდებელი ვებგვერდზე აქვეყნებს და კომისიას იმავე დღეს წარუდგენს:
ა) საჯარო შეთავაზებას, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს:
ა.ა) საჯარო შეთავაზების საიდენტიფიკაციო ნომერს;
ა.ბ) გამოქვეყნების თარიღს;
ა.გ) შესასყიდი ელექტროენერგიის მაქსიმალურ მოცულობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ა.დ) მიწოდების ფასს 1 კვტ.სთ-ზე – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო გადასახადების მითითებით;
ა.დ​ 1 ) თუ საჯარო შეთავაზება ითვალისწინებს მომხმარებლისგან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის საშუალებით გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვას, ამ ელექტროენერგიის შესასყიდ ფასს 1 კვტ.სთ-ზე;
ა.ე)  არსებული სისტემის ოპერატორების გადაცემისა და განაწილების ტარიფებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო გადასახადების მითითებით;
ა.ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებს;
ა.ზ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის განკუთვნილი საჯარო შეთავაზების შემთხვევაში – პირგასამტეხლოს ოდენობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ა.თ) საჯარო შეთავაზების მოქმედების ვადას;
ა.ი) ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ამ საჯარო შეთავაზების მიღებისა და შესაბამის მიწოდების ხელშეკრულებასთან მიერთების უფლების თაობაზე.
ბ) საჯარო შეთავაზების შესაბამის მიწოდების ხელშეკრულებას.

4. საჯარო შეთავაზების მოქმედების ვადა არ უნდა იყოს მისი გამოქვეყნებიდან ორ კვირაზე ნაკლები.

5. მომხმარებელი უფლებამოსილია, საჯარო შეთავაზების მოქმედების ვადის განმავლობაში, ნებისმიერ დროს მიუერთდეს შესაბამის მიწოდების ხელშეკრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მომხმარებელი უფლებამოსილია, თავისუფალ მიმწოდებელს წარუდგინოს შესაბამისი მიწოდების ხელშეკრულების ხელმოწერილი ეგზემპლარი, ამ წესების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

5¹. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების მე-8 მუხლის 6 3 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლისთვის ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში ამოიწურა საჯარო შეთავაზების მოქმედების ვადა, აღნიშნული არ მოახდენს გავლენას მომხმარებლის უფლებაზე, აღმოფხვრას ხარვეზი და მიუერთდეს მიწოდების ხელშეკრულებას ამ წესების მე-8 მუხლით განსაზღვრული პირობების დაცვით.

6. თუ თავისუფალი მიმწოდებლისთვის ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის მოცულობა შეზღუდულია, იგი უფლებამოსილია, შესაბამისი მოცულობის ამოწურვისთანავე, გააუქმოს საჯარო შეთავაზება მასში მითითებული, მათ შორის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.

7. თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია, არ განახორციელოს საჯარო შეთავაზება, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწოდების ხელშეკრულების დადების შედეგად სრულად ამოიწურა გასაყიდი ელექტროენერგიის მოცულობა.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები გამოიყენება მხოლოდ თავისუფალი მიმწოდებლის მიერ ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდულ ელექტროენერგიასთან მიმართებით. თავისუფალი მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დადგომის თაობაზე, სათანადო დასაბუთებით, იმავე დღეს აცნობოს კომისიას.

9. კომისია უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს თავისუფალი მიმწოდებლის დასაბუთება და დაავალოს მას საჯარო შეთავაზების განთავსება ან/და გაგრძელება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ:
ა) თავისუფალი მიმწოდებელი ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს კონკრეტული მომხმარებლის ან/და მომხმარებლების სასარგებლოდ;
ბ) თავისუფალი მიმწოდებლის მიერ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებით განზრახ არის შეზღუდული ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის მოცულობა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად საჯარო შეთავაზების განხორციელების ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 06.09.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.08.2025 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/11.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
