---
title: "მუხლი 11. მიმწოდებლის ვალდებულებები — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/11"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "11"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 11. მიმწოდებლის ვალდებულებები — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/11

1. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მომხმარებლის ინფორმირება მისი უფლებების, მოქმედი რეგულაციებისა და დავის გადაწყვეტის გზების შესახებ;
ბ) ჰქონდეს ტექნიკურად გამართული და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ვებგვერდი, რომელზეც განათავსებს ამ წესებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
გ) მიიღოს სათანადო ზომები მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით;
დ) საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას კანონითა და ამ წესებით დადგენილი სხვა მოთხოვნები;
ე) მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების საფასურის გადახდის რამდენიმე საშუალება. გადახდის სხვადასხვა საშუალებასთან დაკავშირებულ პირობებს შორის ნებისმიერი სხვაობა უნდა ასახავდეს მიმწოდებლის ხარჯებს შესაბამის გადახდის საშუალებასთან მიმართებით;
ვ) უზრუნველყოს მომხმარებლის პრეტენზიის ეფექტიანად და უფასოდ განხილვა;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს სათანადო ხელშეკრულება ყველა სისტემის ოპერატორთან, შესაბამის სალიცენზიო არეალში არსებული მომხმარებლისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად;
თ) უზრუნველყოს ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესაბამისად სისტემის ოპერატორისათვის მომსახურების საფასურის გადახდა, გარდა იმ სასისტემო მომსახურების საფასურისა, რომლის გადახდის ვალდებულებისგანაც მომხმარებელი გათავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესების შესაბამისად.

2. მიმწოდებელი ვალდებულია, შეიმუშაოს, გამოაქვეყნოს და ყოველწლიურად განაახლოს სამოქმედო პროგრამა, რომლის მიზანია:
ა) დაეხმაროს მომხმარებელს სახელშეკრულებო ვალდებულებების სათანადოდ შესრულებაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მიწოდების შეწყვეტა, მათ შორის:
ა.ა) უზრუნველყოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  ენერგიის დაზოგვის საშუალებების თაობაზე;
ა.ბ) მიაწოდოს ინფორმაცია ამ წესების 25-ე მუხლით გათვალისწინებული მომხმარებელთა დაცვის დამატებითი მექანიზმების თაობაზე;
ბ) ხელი შეუწყოს ტერიტორიულად დაშორებული მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას, მათ შორის:
ბ.ა) ასეთი მომხმარებლისთვის საჯარო შეთავაზებებისა და მიწოდების მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის იოლ ხელმისაწვდომობას;
ბ.ბ) იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არ არის კომერციული ბანკის ფილიალი ან გადახდის სხვა საშუალება, მომხმარებლისთვის მომსახურების საფასურის გადახდის სხვა ხელმისაწვდომი საშუალებების უზრუნველსაყოფად მიიღოს გონივრული ზომები.

3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებელთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი დასაქმებულებისა და წარმომადგენლების სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა, მომხმარებლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის განსახორციელებლად მათთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე, მათი კვალიფიკაციის რეგულარული ამაღლება.

4. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, არანაკლებ 5 წლის ვადით შეინახოს ტრეიდერებთან, სისტემების ოპერატორებთან და მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებები, აგრეთვე, ელექტროენერგიის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს კომისიას;
ბ) კომისიას ყოველთვიურად წარუდგინოს ინფორმაცია ამ წესების მე-14 მუხლის შესაბამისად განხილული პრეტენზიების თაობაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს მომხმარებელთა მიერ წარდგენილი პრეტენზიების რაოდენობას, დაკმაყოფილებული პრეტენზიების რაოდენობას, აგრეთვე, პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში – შესაბამის საფუძვლებზე მითითებას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/12.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
