---
title: "მუხლი 12. მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/12"
law: "„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "12"
identifier: "47"
adopted: "2020-08-13"
consolidated_as_of: "2025-07-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 12. მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება — „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-07-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/12

1. მიმწოდებელი ვალდებულია, ვებგვერდზე გამოაქვეყნოს და რეგულარულად განაახლოს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია:
ა) ზოგადი ინფორმაცია მიმწოდებლის შესახებ (მათ შორის, სახელწოდება და იურიდიული მისამართი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის/პირების შესახებ ინფორმაცია);
ბ) მიმწოდებლის საკონტაქტო ინფორმაცია – მისამართი, ქოლცენტრის ნომერი, ელექტრონული ფოსტა;
გ) ინფორმაცია მომხმარებლის უფლებების შესახებ, მათ შორის, მიმწოდებლის შერჩევისა და შეცვლის პროცედურასთან დაკავშირებით;
დ) მომხმარებლის პრეტენზიისა და სადავო საკითხების განხილვასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია;
ე) ინფორმაცია მომსახურების საფასურისა და მისი გადახდის წესის შესახებ;
ვ) მიმწოდებლის წლიური ფინანსური ანგარიშები;
ზ) ინფორმაცია საჯარო შეთავაზებებსა და მათი მოქმედების ვადების თაობაზე;
თ) მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული, მათ შორის, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა იყოს სანდო, უტყუარი და მომხმარებელს აძლევდეს სხვა მიმწოდებლის მიერ გამოქვეყნებულ, მსგავსი სახის ინფორმაციასთან შედარების შესაძლებლობას.

3. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ქოლცენტრით მომსახურება, რომლის მეშვეობით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია:
ა) მიწოდების ფასები, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები და მიწოდების პირობები;
ა​ 1 ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ბ) მიმწოდებლის მოქმედი საჯარო შეთავაზებები;
გ) მიმწოდებლის უფასოდ შეცვლის პროცედურის შესახებ ინფორმაცია;
დ) პრეტენზიის განხილვის ვადა და წესი;
ე) სადავო საკითხის განხილვის წესი, კომისიასა და მოხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისათვის მიმართვის უფლების შესახებ ინფორმაცია;
ვ) მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადა და პირობები;
ზ) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის ვადა, გადაუხდელობის შედეგები;
თ) მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა;
ი) მომსახურების საფასურის გადახდის საშუალებები;
კ) რეკომენდაციები მოხმარების შემცირებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის სხვა ღონისძიებების თაობაზე;
ლ) ინფორმაცია მომარაგების დაგეგმილი და დაუგეგმავი წყვეტებისა და მიწოდების აღდგენის დროის თაობაზე, თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ აღნიშნული ინფორმაცია ეცნობა მიმწოდებელს.

4. მიმწოდებელი ვალდებულია, კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით, მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა უზრუნველყოს კომისიის მიერ განსაზღვრული მომსახურების კოდის მეშვეობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების კოდი შეიძლება წარმოადგენდეს ასოების, ციფრებისა და სიმბოლოების კომბინაციას, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიმწოდებლისგან მოითხოვოს ინფორმაციის მიწოდება ან მომსახურების გაწევა.

5. მიმწოდებელი ვალდებულია, ვებგვერდზე გამოაქვეყნოს და მიწოდების დაწყებამდე მომხმარებელს გადასცეს საინფორმაციო ბარათი, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“-„ე“ და „ი“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მიმწოდებელი უფლებამოსილია, საინფორმაციო ბარათში დამატებით ასახოს  სხვა პრაქტიკული ინფორმაცია, მომხმარებელთა მიმართვიანობისა და საკითხისადმი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით. მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს საინფორმაციო ბარათი გადასცეს იმავე ფორმით, როგორც აწვდის ქვითარს, ამ წესების მე-16 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.

6. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი იყენებს სარეკლამო მასალებს, მან უნდა მიუთითოს:
ა) ელექტროენერგიაზე მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მიმწოდებლის მიერ გამოყენებულ მიწოდების მთლიან პორტფელში ენერგიის თითოეული წყაროს წილის შესახებ ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ბ) ინფორმაციის ისეთი წყაროები, სადაც საჯაროდ ხელმისაწვდომია მონაცემები მიმწოდებლის მიერ წინა წლის განმავლობაში გამოყენებული ენერგიის წარმოების წყაროების გარემოზე ზემოქმედების შესახებ;
გ) ინფორმაცია სადავო საკითხების განხილვასთან დაკავშირებით მომხმარებლის უფლებების შესახებ.

7. განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის მიწოდებისას, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილის ან მოცულობის შესახებ ჯამური ინფორმაციის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობა, მიღებული გარემოსდაცვითი ან სხვა სარგებლის მითითებით.

8. მიმწოდებელი ვალდებულია, „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ ისტორიული მონაცემების ხელმისაწვდომობა:
ა) ჯამური მონაცემების სახით, ბოლო 3 წლის ან, თუ მომხმარებლის შესახებ მონაცემების ისტორია 3 წელზე მცირეა, მისთვის მიწოდების დაწყების დღიდან, მიმწოდებლის მიერ მომხმარებლების შესახებ მონაცემთა ბაზაში ამ მონაცემების შეტანის ინტერვალების შესაბამისად;
ბ) დეტალური მონაცემების სახით, აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვის შემთხვევაში, რეალური დროის მიხედვით ნებისმიერი დღისთვის, კვირისთვის, თვისა და წლისთვის, ბოლო 24 თვისთვის ან, თუ ეს პერიოდი 24 თვეზე მცირეა – აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვის შემდგომი პერიოდისთვის.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიმწოდებლისთვის გადაცემაზე პასუხისმგებელია შესაბამისი სისტემის ოპერატორი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.08.2025 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4963325-elektroenergiis-satsalo-bazris-wesebis-damtkitsebis-shesakheb/13.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
